პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვივამედში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს "შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი" მოხდა.
ამასთან, პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩხრეკის ჩანაწერის გასაჯაროება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი "ემოციური განცხადება" ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.
"პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში.
თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.
14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.
პენიტენციურმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.